logo
ENG



"არა რუსულ კანონს" - ორშაბათს პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართება

04 მარ 202311:47
3 წუთის საკითხავი
 
"არა რუსულ კანონს" - ორშაბათს პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართება
ვახო ქარელი / ფორმულა

ორშაბათს, 6 მარტს რუსული კანონის მორიგი საკომიტეტო განხილვის პარალელურად აქცია გაიმართება - მოქალაქეები კანონპროექტის გასაპროტესტებლად პარლამენტის უკანა შესასვლელთან დილის 09:00 საათზე შეიკრიბებიან.

"რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები იურიდიული კომიტეტის სხდომაზე უნდა შევაცილოთ სირცხვილის დერეფნით! მათ უნდა იცოდნენ, რომ საქართველოში რუსული კანონის მიღება არ გამოუვათ. მათ უნდა დავანახოთ, რომ საქართველოში ისინი მშვიდი სინდისით ვერ ისეირნებენ! დავიწყოთ ორშაბათის დილა საქართველოს დამოუკიდებლობისა და ევროპული მომავლის მხარდასაჭერად", - წერია განცხადებაში.

2 მარტს რუსული კანონპროექტები მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა, ასევე, აქტივისტებმა გააპროტესტეს. აქციები გაიმართა როგორც პარლამენტის შენობაში, ასევე - გარეთ. დღის ბოლოს 3 აკრედიტებული ჟურნალისტი პარლამენტიდან ძალის გამოყენებით გამოაძევეს, გარეთ მიმდინარე აქციაზე კი 30-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, მათ შორის 2 ჟურნალისტი.

მეორე დღეს რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაკავებულებმა პოლიციის მხრიდან ძალადობასა და ფიზიკურ შეურაცხყოფაზე ისაუბრეს. ერთ-ერთი დაკავებულის, დავით ჩხობაძის ადვოკატმა, ივანე ჩიტაშვილმა განაცხადა, რომ პოლიციელებმა მისი დაცვის ქვეშ მყოფს დაკავებისას რამდენჯერმე დაარტყეს ხელი. მოგვიანებით სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პარლამენტთან აქციის ორი მონაწილის მიმართ უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების საქმეზე გამოძიება დაიწყო.

***

ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დეპუტატებმა, რომლებიც საკუთარ თავს "ხალხის ძალას" უწოდებენ, დააინიციირეს კანონპროექტი, რომელიც საქართველოში "უცხოური გავლენის აგენტებს" გააჩენს. ეს კანონი შეეხება ყველას, ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს. "უცხოური გავლენის აგენტებად" დარეგისტრირდებიან ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოური წყაროა.

ქართული ოცნება მხარს უჭერს კანონპროექტს. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მსგავსი კანონი აშშ-შიც მოქმედებს, ამავე არგუმენტს იყენებდა რუსეთიც. თუმცა ისინი მანიპულირებენ, როდესაც ამერიკული კანონის მოქმედების დეტალებზე არ საუბრობენ. ამერიკული კანონი სხვა სახელმწიფოების პოლიტიკური ლობიზმის გამოსავლენადაა მიმართული, განსხვავებით ქართული ოცნების რუსული კანონისგან.

მმართველი პარტიის წევრები რუსულ კანონში პრობლემას ვერ ხედავენ, თუმცა კანონპროექტს აკრიტიკებენ საერთაშორისო პარტნიორები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყნის ელჩები. 

კანონპროექტის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ რუსული კანონი უცხოური გავლენის აგენტებზე სტიგმატიზებას მოახდენს და "გააჩუმებს საქართველოს მოქალაქეების დამოუკიდებელ ხმებს". 

28 თებერვალს კი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ერინ ბარკლიმ ჟენევაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვედრისას უთხრა, რომ კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წინააღმდეგაა მიმართული "საქართველოს ევროინტეგრაციას ძირს გამოუთხრის".

რუსულ კანონზე საქართველოში ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ კანონპროექტის მიზანი სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციაა. ის გააკრიტიკა საქართველოში ევროკავშირის ელჩმაც და აღნიშნა, რომ კანონი ევროკავშირის 12 პრიორიტეტთან შეუთავსებელია. რუსულ კანონს გამოეხმაურა ევროკავშირის საგარეო უწყებაც და განაცხადა, რომ ეს შემაშფოთებელია.

ამას Twitter-ზე გამოეხმაურა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროც და განაცხადა, რომ კანონი ქვეყნების თანამშრომლობაზე უარყოფითად აისახება. უწყების თქმით, კანონპროექტი ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მტკიცე ევროპულ მისწრაფებებსა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო ვალდებულებებს. ნორვეგიამ კანონმდებლებს მოუწოდა, საქართველოს დემოკრატიის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედონ.

კანონპროექტი გააკრიტიკა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა - მან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს ოფიციალური წერილით მიმართა და მოუწოდა, კანონის მიღებაზე უარი თქვას. მისი განცხადებით, კანონს, შესაძლოა, სერიოზული მსუსხავი ეფექტი ჰქონდეს ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სფეროში აქტიურად მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციათა საქმიანობაზე.


close დახურვა